ისტორია

მოგესალმებით

 

თბილისის სახელმწიფო

სამედიცინო უნივერსიტეტის

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საიტზე

 

დირექტორის გვერდი

შემოქმედებითი გზა

წამალთმცოდნეობას საქართველოში უძველესი ტრადიციები აქვს და ის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამედიცინო დარგად ჩამოყალიბდა. ამან თავისი ასახვა ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში შექმნილ სამედიცინო ლიტერატურის უბრწყინვალეს ძეგლებში _ "უსწორო კარაბადინი", "წიგნი სააქიმოი", "სამკურნალო წიგნი კარაბადინი", ხოლო მოგვიანებით "იადიგარ დაუდში" ჰპოვა. ძველი ბერძნული ფიტოთერაპიის ფუძემდებლის კოლხეთის მეფის ასულის მედეას სახელთანაა არაერთი მნიშვნელოვანი ისტოროული სამედიცინო იდეა დაკავშირებული.
ქართულ მეცნიერულ ფარმაციას კი მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ივანე ჯავახიშვილის მოწვევით ოდესიდან უკვე ცნორილი მეცნიერი, პროფესორი იოველ ქუთათელაძე ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგედ დაბრუნდა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიო-ფარმაცევტული განყოფილებაც ჩამოაყალიბა, რომლის ბაზაზე 1928 წელს ფარმაცევტული ფაკულტეტი დაარსა. 1930 წელს უნივერსიტეტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი გამოეყო და მასში ფარმაკოქიმიური ფაკულტეტი გაიხსნა; 1937 წელს იგი დამოუკიდებელ ფარმაცევტულ ინსტიტუტად გადაკეთდა. ფაკულტეტს და შემდეგ ინსტიტუტს პროფ. იოველ ქუთათელაძე ხელმძღვანელობდა.
ასე ჩამოყალიბდა საქართველოში ფარმაცევტული განათლება.
პროფ. ი. ქუთათელაძემ პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, თავის კოლეგებთან ერთად, ფართო მეცნიერული მუშაობა გაშალა და კვლევები ისეთ დონემდე აიყვანა, რომ უკვე 11 წლის შემდეგ დამოუკიდებელი სამეცნიერო დაწესებულების შექმნა გახდა შესაძლებელი.
საქართველოს სსრ ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის #63 დადგენილებით 1932 წლის 5 მაისს თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტი დაარსდა. 1932-1940 წლებში ინსტიტუტი საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისარიატის, 1940-1946 წწ. საქართველოს ფარქიმმრეწვის, 1946-1958 წწ. საკავშირო ჯანდაცვის სამინისტროს, 1959-1960 წწ. კი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში იმყოფებოდა. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1961 წლის 2 მარტის #108 დადგენილებით ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას დაექვემდებარა.
დაარსებიდან 1963 წლის დეკემბრამდე ინსტიტუტს სათავეში საქართველოში ფარმაცევტული განათლების და ფარმაკოქიმიური მეცნიერების ფუძემდებელი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი იოველ ქუთათელაძე ედგა. ი. ქუთათელაძის გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს მისი დამაარსებლის სახელი მიეკუთვნა.
1964-1972 წლებში ინსტიტუტის დირექტორი სახელგანთქმული ბიოქიმიკოსი, სამედიცინო ბიოქიმიის, ბიოქიმიური ფარმაკოლოგიის, მთის კლიმატის ბიოქიმიის ფუძემდებელი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი ვლადიმერ ასათიანი ბრძანდებოდა.
1972-2005 წწ ინსტიტუტის ხელმძღვანელობდა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე. 2005 წლიდან აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე - სტეროიდულ ნივთიერებათა და საგულე გლიკოზიდების ლაბორატორიის გამგეა.
აკადემიკოს ი.ქუთათელაძესთან ერთად ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ: აკადემიკო-სები ა.ალადაშვილი, ვ.ასათიანი, პროფესორები: ნ.მასხულია, ე.აბოლი, ვ.შოთაძე, ა.მშვიდობაძე, გ.ვაწაძე, დ.გედევანიშვილი, პ.ჭუმბურიძე, ა.პლისოვი, ქ.მუჯირი, დო-ცენტები: ი.ბურჯანაძე, ლ.რამიშვილი, თ.კაჩუხაშილი, ნ.ჟღენტი, თ.მეხუზლა და სხვები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინსტიტუტში დიდი ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა (1933-1938 წწ.), რომელიც ტერმინოლოგიურ მეცნიერულ კვლევებს ხელმძღვანელობდა. შემდეგში სხვადასხვა დროს ინსტიტუტში მუშაობდნენ აკადემიკოსები ი.სოსნოვსკი, ნ.კეცხოველი, პროფესორები: ა.გახოკიძე, ვ.გერსამია, ა.იაცენკო-ხმელევსკი, ვ.გოგუაძე, ნ.ანელი, ს.კობალაძე, თ.ღიბრაძე, ც.დალაქიშვილი, დოცენტები: ვ.ბოსტოღანაშვილი, ლ.ჩხატარაშვილი, თ.ფხეიძე, თ.ხვედელიძე, ა.გოცირიძე და სხვები. მათ დიდი დამსახურება მიუძღვით საქართველოს ფარმაკოქიმიური მეცნიერების განვითარების საქმეში.
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის  დაარსებიდან დაიწყო საქართველოს ბუნებრივი რესურსების მიზანდასახული შესწავლა და ფარმაკოქიმიურ მეცნიერებას მტკიცე საფუძველი ჩაეყარა.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი.ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი რესპუბლიკის მთავარი დაწესებულებაა სამკურნალო პრეპარატების შექმნის დარგში. ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებაა მცენარეული და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევა, მათი ქიმიური ბუნების, ფარმაკოლოგიური ეფექტურობის შესწავლა, მიღების ტექნოლოგიების და ანალიზის მეთოდების შემუშავება, და ამის შედეგად სამკურნალო პრეპარატების მოწოდება.
ახალ სამკურნალო საშუალებათა შექმნასთან დაკავშირებული მეცნიერული ამოცანების გადაწყვეტამ განსაზღვრა ინსტიტუტის სტრუქტურის კომპლექსურობა და განაპირობა მისი ფუნდამენტური გამოკვლევების მიმართულებები მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ჩამოყალიბდა ერთიანი სისტემა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ძიებიდან დაწყებული, მიღებული პროდუქციის წარმოებით დამთავრებული. მიმდინარეობს კვლევები ფარმაკოქიმიის, ბუნებრივ შენაერთთა ქიმიის, ორგანული და ანალიზური ქიმიის, ტექნოლოგიის, მედიცინის, ბიოლოგიის დარგებში. ბოლო ხანებში დაიწყო ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიური მოდიფიკაცია. გეგმაზომიერად ფართოვდებოდა სამეცნიერო კვლევების სფერო, ყალიბდებოდა ახალი სტრუქტურული ერთეულები, იზრდებოდა თანამშრომელთა რაოდენობა და 1985 წელს ინსტიტუტის შტატმა 300 ერთეულს მიაღწია. ამჟამად ინსტიტუტში 133 თანამშრომელია, აქედან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი-1, მეცნიერებათა დოქტორი-10, კანდიდატი-50.
ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის გამოკვლევებით ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი შედეგები მოიპოვა. რეკომენდებულია 70-მდე სამკურნალო პრეპარატი, რომლებიც სხვადასხვა დროს იხმარებოდა მედიცინაში.
ინსტიტუტის ადრეული გამოკვლევები საფუძვლად დაედო თბილისის ქიმიო-ფარმაცევტული და ბათუმის კოფეინის ქარხნების დაარსებას. აქ ინერგებოდა ინსტიტუტის მიერ მოწოდებული პრეპარატები და ახალი ტექნოლოგიები. დამუშავდა ჩაის წარმოების ნარჩენებიდან და ჩაის პლანტაციების ნასხლავი მასალიდან კოფეინის მიღების ტექნოლოგია. ბათუმის კოფეინის ქარხანა ორმოცი წლის განმავლობაში ამარაგებდა საბჭოთა კავშირს ბუნებრივი კოფეინით და იგი ექსპორტის საგანსაც წარმოადგენდა. აქვე ჩაინერგა კუჭ-ნაწლავის დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატი-თეალბინი. იმ პერიოდისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თრიმლისა და თუთუბოს ფოთლებისაგან სამედიცინო ტანინის ტექნოლოგიის შემუშავებას და წარმოებას თბილისის ქიმიო-ფარმაცევტულ ქარხანაში. ძლიერ ანტისეპტიკურ საშუალებას წარმოადგენდა კოლოიდური ვერცხლის პრეპარატი ელარგოლი; მაღალი ეფექტურობით გამოირჩეოდნენ ანტიჰელმინტური პრეპარატები ფილიკოლი და ფილიქსანი, მალარიის საწინააღმდეგოდ-ქინეტი, გულსისხლძარღვთა დაავადების რადიკალური საშუალებები: დიგალენ-ნეო, პერიპლოცინი, სათითურანი, დიგიცილი, დიგიცილენი.
55 წლის წინათ ინსტიტუტში შექმნილი ახალი სამკურნალო ფორმა-ნატურალური წვენები ნედლი მცენარეებიდან, თანამედროვე ფიტოთერაპიაში საყოველთაოდ იქნა აღიარებული. მკურნალობაში იხმარებოდა ინსტიტუტის მიერ შექმნილი ნატურალური წვენები: პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო-სუკრადბელი, რევმატოიდული არტრიტებისათვის-ჰიოსასკოლი, საგულე პრეპარატები: კომბრომვალი, სუკდიგფერი, შროშანას წვენი და სხვა.
ინსტიტუტმა დაასაბუთა მინერალური წყლის `ლუგელას~ მედიცინაში გამოყენების შესაძლებლობა კალციუმის ქლორიდის 10% ხსნარის ნაცვლად. თბილისის ქიმიო-ფარმაცევტული ქარხანა დღემდე აწარმოებს ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატ გლუფერალის ტაბლეტებს.
ი.ქუთათელაძემ პირველმა გადაწყვიტა ბენტონიტური თიხების მკურნალობაში გამოყენების საკითხი. ასკანის (ოზურგეთის რ-ნი) საბადოს თიხებიდან შემუშავებული პრეპარატები თიხა-ასკანე და ასკანკოლი, მრავალმხრივი სამედიცინო დანიშნულების გარდა, უნივერსალურ ფუძეს წარმოადგენენ რბილი სამკურნალო ფორმებისათვის. თიხა-ასკანეზე მომზადებულია პრეპარატები ცინ-კასკოლი, ცინკასკანი, იხტასკანი, სტეპტასკანი, ბენტობოლი და სხვა. შექმნილია ახალი სამკურნალო ფორმა ე.წ. მშრალი საცხები ტაბლეტების სახით.
აკადემიკოს იოველ ქუთათელაძემ მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა ფარმაციის ისტორიის დარგში; ქიმიის, ბოტანიკის, სამკურნალო საშუალებათა ტერმინოლოგიას რამდენიმე წიგნი მიუძღვნა ქართულ-რუსულ-ლათინური შესატყვისით.
ახალი პრეპარატების აპრობაცია ადრეულ პერიოდში ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებაში მიმდინარეობდა, რომელსაც აკადემიკოსი ალექსანდრე ალადაშვილი ხელმძღვანელობდა. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი თერაპევტები: პროფესორები მ.კანდელაკი, ვ.გერსამია, ი.ჯავახიშვილი, დოცენტები: ი.პარმა, ნ.ღამბაშიძე, ტ.გედევანიშვილი და სხვები. 1978 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტიდან ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში გადმოყვანილი იქნა ექსპერიმენტული და კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილება საკუთარი თერაპიული კლინიკით (50 საწოლზე), რომელსაც სათავეში პროფესორი სერგო კობალაძე ედგა, მისი გარდაცვალების შემდეგ 1989 წლიდან განყოფილებას ჯერ დოცენტი თენგიზ ცერცვაძე, ხოლო 1991 წლიდან დოცენტი არჩილ კობალაძე ხელმძღვანელობდნენ. განყოფილება სსრ კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაკოლოგიური კომიტეტის საბაზო ორგანიზაციას წარმოადგენდა. აქ ჩატარებულმა კვლევებმა ხელი შეუწყო სამედიცინო პრაქტიკაში ვოლტარენის, კორვატონის, ტრიბუსპონინის, კავსურონის, ფაციფლოგინის და სხვათა ჩანერგვას; ბრუფენის, ტრენტალის, ლიდოკაინის, კორდარონის გამოყენების დიაპაზონის გაფართოებას.
ინსტიტუტის მიერ მოწოდებულ სამკურნალო საშუალებათა კლინიკური გამოკვლევა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სპეციალიზებულ კლინიკაში ტარდებოდა. ახალი პრეპარატების მედიცინაში გამოყენება და სამრეწველო მასშტაბით მათი გამოშვება სსრ კავშირის ჯამრთელობის დაცვის მინისტრის სათანადო ბრძანებით ხორციელდებოდა. ამჟამად ინსტიტუტის პრეპარატების რეგისტრაცია რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროში და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წარმოებს.
ფარმაკობოტანიკური ექსპედიციებით და მიზნობრივი გასვლებით, რომლებიც ინსტიტუტის დაარსებიდან ყოველწლიურად ტარდებოდა, ძირითადად გამოკვლეულია საქართველოს ტერიტორიის ფლორა; შესწავლილია მნიშვნელოვან მცენარეთა გავრცელების არეალები, აღრიცხულია ბუნებრივი რესურსები; შექმნილია მდიდარი ჰერბარიუმი. საინტერესო მუშაობაა ჩატარებული მცენარეთა უმაღლესი ანატომიის შესწავლის მიმართულებით.
ინსტიტუტში ფუნქციონირებს სამკურნალო მცენარეთა საცდელი მინდვრები,  რომლებიც რესპუბლიკის სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონებშია განლაგებული: თბილისში 22 ჰა ფართობზე, შირაქში _ კასრისწყლისა და ვაშლოვანის მიდამოებში 162 ჰა. 1975 – 1992 წწ. სამკურნალო მცენარეთა საცდელი მინდვრის საყრდენი პუნქტი გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში 3,5 ჰექტარზე იყო ორგანიზებული. 1992 წელს ინსტიტუტს სამკურნალო მცენარეთა ქობულეთის საცდელი სადგური შემოუერთდა, რომელსაც მანამდე საკავშირო სამკურნალო და არომატულ მცენარეთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ВИЛАР) ამიერკავკასიის ზონალურ სადგურს წარმოადგენდა.
შესწავლილია მცენარეთა ზრდა-განვითარების ბიოლოგიური თავისებურებანი, შედგენილია მათი მოყვანის აგრორეკომენდაციები, ჩატარებულია ინტროდუქციული მუშაობა 70 მცენარეზე და ინსტიტუტის საცდელ მინდვრებში კულტურაში შეყვანილია 50 სახეობის სამკურნალო მცენარე. ამგვარად, სამკურნალო პრეპარატების წარმოებისათვის მყარი ნედლეულის ბაზაა შექმნილი.
ინსტიტუტის მუშაობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზას, სადაც სასტენდო დანადგარებზე რეკომენდებულ პრეპარატთა ტექნოლოგიების დახვეწა, აღწარმოება, კლინიკური გამოკვლევებისა და ფართო მოხმარებისათვის მათი გამოშვება მიმდინარეობს.
საქართველოში ველურად მოზარდი ან ინტროდუქცირებული 4000-მდე მცენარის წინასწარი ანალიზის შედეგად გამოვლენილია მრავალი, თავისი შედგენილობით უნიკალური და საინტერესო ფარმაკოლოგიური აქტივობის მქონე სახეობა.
მცენარეებიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებული სხვადასხვა ქიმიური კლასის ათასამდე ნივთიერება: ალკალოიდი, კარდენოლიდი, ბუფადიენოლიდი, კუმარინი, ფურო- და იზოკუმარინი, ჰიდროლიზებადი და კონდენსირებადი ტანიდი, ლიგნანი, ნეოლიგნანი, ანტრაქინონი, პოლისაქარიდი. მათ შორის 95 სტრუქტურულად ახალი ორგანული ნივთიერება, რომელთა ქიმიური შენება დადგენილია. შესწავლილია 200-ზე მეტი მცენარის ნეიტრალური და პოლარული ლიპიდების, 22 სახეობის ტერპენოიდების და ეთეროვანი ზეთის შედგენილობა, რამდენიმე სახეობის პოლისაქარიდი, პროტეოლიზური ფერმენტები, ლექტინები. გამოყოფილ ნივთიერებათა ან ჯამური პრეპარატების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიოლოგიურ ეფექტურობას ამჟღავნებს..
ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა დაგროვების დინამიკის შესწავლით, მცენარეთა ონტოგენეზის პირველი ეტაპიდან და ვეგეტაციის სხვადასხვა ფაზაში, მათი ბიოგენეზის გარკვეული თავისებურებანია აღნიშნული. ნივთიერებათა ქიმიურ სტრუქტურასა და ბიოლოგიურ აქტივობას შორის დამოკიდებულების დადგენამ სასურველი ეფექტიანობის მქონე საშუალებათა მიზანსწრაფული ძიების წინაპირობები შექმნა.
აკადემიკოსებმა იოველ ქუთათელაძემ და ვლადიმერ ასათიანმა ჩვენში ფარმაცევტულ და ბიოქიმიურ ანალიზს ჩაუყარეს საფუძველი. შემდგომში მნიშვნელოვნად გაფართოვდა კვლევები ბუნებრივ და სინთეზურ ნივთიერებათა ფიზიკო-ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზის დარგში თანამედროვე პროგრესული მეთოდების გამოყენებით. მოლეკულური, ბიოფოზოკური ქიმიის სტრუქტურული ამოცანების გადასაწყვეტად, ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპიული ანალიზის გამოყენების გაფართოების წინაპირობები მუშავდება. ინსტიტუტის სპექტოსკოპიული განყოფილება 1978-1993 წწ. იმავდროულად ფუნქციონირებდა, როგორც ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის რესპუბლიკური ცენტრი.
ახალი მეცნიერული მონაცემების საფუძველზე მცენარეულ ნივთიერებათა სელექტიური და პოლიბუფერული ექსტრაქციის, კომპლექსწარმოქმნის, იონცვლითი ტექნოლოგიები დამუშავდა. მნიშვნელოვანი შედეგებია მიღებული ბიოფარმაცევტული კვლევის მიმართულებით, განსაკუთრებით დისპერსული მზა ფორმების შექმნისათვის.
ბოლო პერიოდში ინსტიტუტში რამდენიმე ათეული ორიგინალური სამკურნალო პრეპარატი, კვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, ბიოქიმიური რეაქტივი, მცენარეთა ზრდის ეფექტური სტიმულატორია შექმნილი. შესწავლილია წარმოე-ბასთან დაკავსირებული ყველა ძირითადი საკითხი და ორგანიზებულია მათი გამოშვება.
Colchicum speciosum Stv.უცუნას ბოლქვების ალკალოიდი კოლხიცინი (ტაბლეტებში) პერიოდული დაავადების ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა. იგი გამოიყენება აგრეთვე ამილოიდოზის და პოდაგრის საწინააღმდეგოდ.
Carica papaya L. _ ნესვის ხის ნაყოფების ლატექსიდან შემუშავებულია პროტეოლიზური ფერმენტული პრეპარატი კარიპაზიმი, ლიოფიზირებული ფხვნილის სახით. კარიპაზიმი რეკომენდებულია ჩირქოვანი წყლულების და ღრმა დამწვრობის დროს. განსაკუთრებით ფართო გამოყენება ჰპოვა მან ნეიროქირურგიაში, ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში, ხერხემლის ოსტრეოქონდროზის, დისკოზების თიაქრის და დისკოგენური რადიკულიტების, სახსრების ორთროზო-ართრიტების, ცერებრალური და სპინალური არაქნოიდიტების, სახის ნერვის ნევრიტის შემთხვევებში.
კარიპაზიმს წარმატებით იყენებენ აგრეთვე სტომატოლოგიაში, ქრონიკული პარადონტიტების, პულპიტების, გინგივიტების, პარადონტოზების, აფთოზული და წყლულოვანი ნეკროზული სტომატიტების სამკურნალოდ. ნესვის ხის კულტივირება პირველად საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მთავარი ბოტანიკური ბაღის გაგრის საყრდენ პუნქტში განხორციელდა, შემდეგ ოხურეის (ოჩამჩირის რ-ნი) თერმულ წყლებზე გაშენებულ ორანჟერეაში, ამჟამად კი მისი გამრავლება ქობულეთის სამკურნალო მცენარეთა საცდელ სადგურში მიმდინარეობს.
Astragalus falcatus  L. – ნამგალნაყოფა ასტრაგალუსის ფოთლებისა და ყვავილებისაგან გამოყოფილ გლიკოზიდ რობინინისაგან შექმნილი პრეპარატი ფლარონინი (ტაბლეტები) ფართოდ გამოიყენება ჰიპერაზოტემიით მიმდინარე თირკმლის უკმარისობის შემთხვევებში.
გადაწყვეტილია სამედიცინო მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი-მოწოდებულია სტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების სინთეზის რენტაბელური ნედლეული _ ტიგოგენინი მცენარე Yaucca gloriosa L. - იუკა დიდებულისაგან. საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ქიმიო-ფარმაცევტულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით დადგენილია, რომ ტიგოგენინი ადვილად გარდაიქმნება 5-რიგის სტეროიდული ჰორმონების საწყის პროდუქტებად: 5α პრეგნენოლონად და  5α ანდროსტანოლად. მათგან სინთეზირებულია  დიჰიდროტესტოსტერონი, მედანდროსტე-რენოლი, მესტერენოლი, ალტეზინი, პარკურონი ბრომიდი, აგრეთვე ტუბერკულოზის, ავთვისებიანი სიმსივნეების საწინააღმდეგო, ანტიარითმიული და სხვა მოქმედების პრეპარატები. მოსკოვის ქიმიო-ფამაცევტულ ქარხანა `აკრიქინში~ საწარმოო მასშტაბით განხორციელდა ტიგოგენინის გარდაქმნა  5α პრეგნელონონად და შემდეგ მისგან მედანდროსტერელონის სინთეზი. ტიგოგენინი ბათუმის ქიმიო-ფარმაცევტული ქარხნის სასტენდო დანადგარებზე იწარმებოდა. შედგენილია პროექტი ტიგოგენინის საამქროს აგებისათვის თბილისის ქიმიო-ფარმაცევტული ქარხნის ახმეტის ბიოკომბინატში 15 ტონის წარმადობისა წელიწადში. ტიგოგენინის მცენარეული ნედლეულის იუკა დიდებულის პლანტაციები შირაქის ველზე 162 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული.
Tribulus terrestris L. _ კუროსთავის სტეროიდული გლიკოზიდების საფუძველზე შექმნილია პრეპარატი ტრიბუსპონინი (ტაბლეტები) ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, არასპეციფიკური ანაბოლიტური საშუალება; ტრიბუსპონინი აწესრიგებს გულსისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემის მოქმედებას. ტრიბუსპონინის სუბსტანციას ჩიმკენტის, ხოლო მზა სამკურნალო ფორმას – თბილისის ქიმიო-ფარმაცევტული ქარხანა აწარმოებდა, ამჟამად კი ინსტიტუტის ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზაში ხდება პრეპარატის გამოშვება. კუ-როსთავის სტეროიდული გლუკოზიდებიდან მოწოდებულია აგრეთვე ორგანიზმის გენერატიული ფუნქციის მასტიმულირებელი პრეპარატი ტერესტრინი.
კავკასიის ენდემური მცენარე Digitalis ciliata Trautv. – წამწამოვანი  სათითურიდან რადიკალური საგულე საშუალებების დიგიტოქსინის და აცეტილდიგიტოქსინის მიღების ტექნოლოგიებია შემუშავებული.
Hedera caucasigena Pojark. –  კავკასიური სუროს ფოთლებისაგან მომზადებული ბრონქოსპაზმოლიზური პრეპარატი  კავსურონი (წვეთები) წარმატებით იხმარება სასუნთქი გზების ანთების დროს.
საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ინტროდიცირებული Fatsia japonica (Thunb.) Decne.Phanch. – იაპონური ფაციას ფოთლების ტრიტერპენული გლიკოზი-დებიდან არასტეროიდული ანტირევმატული პრეპარატი ფაციფლოგინი (ტაბლეტები) იქნა შემუშავებული, რომელიც ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტურობით ხასიათდება, რეკომენდებულია რევმატოიდული ართრიტის, სპონდილოართრიტის, ანკილიზირებული სპონდილოართრიტის, ოსტეოქონდროზის, ტენდინიტებისა და ტენდოვაგინიტების, პოდაგრის, მიალგიის, რბილი ქსოვილებისა და საყრდენ მამოძრავებელი აპარატის ტკივილების დროს. ფაციფლოგინი თერაპიული მოქმედების ფართო დიაპაზონით ხასიათდება და არ ავლენს არასასურველ თანამოვლენებს.
კავკასიაში ფართოდ გავრცელებული მცენარის Paliurus spina-christi Mill. – ძეძვის ნაყოფებიდან ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლის დამდენი ეფექტური საშუალება ცარუბოლია (კაფსულები) მოწოდებული. ცარუბოლი მცენარის ნაყოფების ფენოლური ნივთიერებებისა და ლიპიდებისაგან შედგება.
Rhamnus frangulae  L. – მტვრევადი ხეჭრელას ქერქის ოქსიმეთილანტრაქინონის პრეპარატმა რამნილმა (ტაბლეტები) მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი მედიცინაში კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის მკურნალობისათვის.                              
მოწოდებულია ფსორიაზის საწინააღმდეგო მაღალეფექტური პრეპარატი ფსორანტრონი (მალამო) – 1,8-დიჰიდროქსი 9-ანტრონი.
Cotinus coggygria L. – თრიმლის ფოთლების ჰიდროლიზებადი ტანიდებიდან ფუნგიციდური საშუალება ტანიფუცინი (მალამო) და ანტიმიკრობული პრეპარატი მიკროგალინია (მალამო) მიღებული.
კავკასიის ენდემური მცენარე Rhododendron ungernii Trautv.  – უნგერნის შქერის ფოთლების ფენოლური შენაერთები ჰერპესის ვირუსის სრულ ინჰიბირებას იწვევენ. მისგან შემუშავებული სამკურნალო საშუალება როდოპესი (მალამო) რეკომენდებულია ჰერპესული დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც თერაპიული ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ცნობილ სინთეზურ პრეპარატ ზოვირაქსს.
მედიცინაში გამოყენებისათვის ნებადართულია კატაბალახას ფესვების ნატურალური კაფსულირებული ფორმა, რომელიც ნაყენთან შედარებით რიგი უპირატესობით გამოირჩევა.
შემუშავებულია თიხა-ასკანეს უნივერსალური ფუძე `ტალოსის~ სახელწოდებით, როგორც ლიოფილური, ასევე ლიპოფილური ნივთიერებების მალამოების მოსამზადებლად; მოწოდებულია ბავშვის მოსაყრელი ფხვნილი `ბაია~, ანტაციდური საშუალება ბენტობოლი (თიხა-ასკანე ტაბლეტების სახით) მეტეორიზმისა და კუძნაწლავის ბაქტერიოზის საწინააღმდეგოდ.
შემუშავებულია კვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატები სატურინი _ ჰიპოგლიკემიური,  გინგკო-მაქსი _ ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედების მარეგულირებელი საშუალება და სხვა.
დამუშავებულია ორიგინალური ტექნოლიგიები მნიშვნელოვანი ბიოქიმიური რეაქტივების მიღებისათვის და ორგანიზებულია მათი წარმოება: დიგიტონინი _ სტეროიდული გლიკოზიდი-სათითურას თესლებიდან; ემოდინი და ქრიზოფინის მჟავა _ ანტრაქინონები პრეპარატ რამნილის წარმოების ნარჩენებიდან; ტანინი ქიმიურად სუფთა, კოლხიცინი ქიმიურად სუფთა, სამკურნალო პრეპარატთა სტანდარტები. საინტერესო მოქმედებისაა ჩაის თესლებიდან გამოყოფილი ტრიტერპენული გლიკოზიდები _ თეასაპონინი _ არაიონური დეტენგენტი, ვეტერინალური ვაქცინების ადიუვანტი და სადიაგნოსტიკო საშუალება.  თეასაპონინი ჩაინერგა მაღალმგრძნობიარე რენტგენული ფირფიტების წარმოებაში.
ყურადღებას იმსახურებენ პიორეის სამკურნალო ელექსირი `მედეა~ და ერთჯე-რადი გამოყენების მიკროოყნა ექსტრალაქსი.
მცენარეულ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა გამოყენებით შედგენილია კოსმეტიკურ-პროფილაქტიკურ საშუალებათა კომპოზიციები. ფაბრიკა `ივერია~ აწარმოებდა ნელსაცხებელ `დილას~, `პაპაის~, `ნუნისს~ და `თბილისურს~, თიხა-ასკანეზე დამზადებულ კრემ-ნიღაბს, კბილის პასტებს: `ლუგელას~, `დილას~, `თბილისურს~. მოწოდებულია მცენარეული ლიპიდები სოჭის, ჩაის, ყურძნის, ხა-ვერდის ხის თესლებიდან პარფიუმერიაში და ფარმაციაში გამოსაყენებლად.
გაიშალა კვლევები ალელოქიმიის დარგში. იუკა დიდებულის ყვავილების სტერიოდული საპონინებიდან შემუშავებული პრეპარატი ‘‘ალექსინი~ სოფლის მეურნეობის კულტურების ეფექტური სტიმულატორია. მისი მცირე კონცენტრაციის (25-50 მგლ) წყლიანი ხსნარით თესლების თესვისწინა დამუშავების შემთხვევაში 30-50%-ით იმატებს ხორბლის, ქერის, ლობიოს, სოიის, 20-35%-ით კარტოფილის, პომიდვრისა და ბადრიჯნის მოსავლიანობა; უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი, მცირდება ვეგეტაციის პერიოდი; ძლიერდება მცენარეთა გამძლეობა ამოქარვისა და პათოგენური მიკროორგანიზმებისადმი. ალექსინი ბიოდეგრადირებადია, ეკოლოგიურად სრულიად სუფთაა, არატოქსიკურია.
ანტიტუტს მიღებული აქვს 135 საავტორო მოწმობა და პატენტი. გამოცემულია 16 შრომათა კრებული და 92 მინიგრაფია, გამოქვეყნებულია 1980 სტატია საბჭოთა კავშირის, დსთ ქვეყნების და შორეული უცხოეთის პერიოდულ გამოცემებში.
ინსტიტუტის თანამშრომლები სისტემატურედ იღებენ მონაწილეობას საერთაშო-რისო სამეცნიერო ფორუმებში ბუნებრივ შენაერთთა ქიმიის, ფარმაციის, ბიოფარ-მაციის, ტექნოლიგიის, ფარმაკოლოგიის, ციტოლოგიის დარგებში. თავის მხრივ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზატორია. ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარდა სამკურნალო პრე-პარატთა კლინიკური და ექსპერიმენტული ფარმაკოთერაპიის პრობლემებისადმი მიძღვნილი რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია (1972, 1979, 1981, 1982, 1990 წწ), გულსისხლძარღვთა დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებათა (1982 წ), ფენოლური შენაერთების (1976 წ), ინდოლების (1981, 1986, 1991 წწ), ნახშირწყლების ქიმიისა და ბიოლოგიის (1972, 1987 წწ) კონფერენციები, 5 სტეროიდების საერთაშორისო სემინარები (1981, 1984 წწ), საბჭოთა კავშირ-ინდოეთის VII სიმპოზიუმი ბუნებრივ შენაერთთა ქიმიის დარგში (1983 წ), იმუნოფარმაკოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი (1990 წ), ფარმაცევტთა პირველი საერთაშორისო კონგრესი (2002 წ).
განსაკუთრებული ყურადრება ექცევა მეცნიერული კადრების მომზადებას. ინსტიტუტში შესრულებული და დაცულია 23 სადოქტორო, 135 საკანდიდატო დისერტაცია. 1993 წლიდან ფუნქციონირებს ხარისხების მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭო ფარმაცევტულ მეცნიერებათა დარგში (Fარ. 15.01  #1) ორი სპეციალობით `წამალთა ტექნოლოგია და ფარმაცევტული საქმის ორგანიზაცია~, `ფარმაცევტული ქიმია და ფარმაკოგნოზია~.
ინსტიტუტს მჭიდრო შემოქმედებითი კავშირები აქვს დამყარებული დსთ და უც-ხოეთის ქვეყნების შესაბამისი პროფილის მრავალ წამყვან სამეცნიერო დაწესებუ-ლებასთან ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიისა და ბიოლოგიის აქტუალური საკითხე-ბის შესწავლის დარგში, მოპოვებული აქვს `ინტასის~, `საერთაშორისო სამესნიერო-ტექნიკური ცენტრის~ და `ნატოს~ გრანტები.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოულ წევრად ფარმაკოქიმიის დარგში არჩეულია მარსელის უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის და ჰომეოპათიის კათედრის გამგეე, პროფესორი გი ბალანსარდი.
ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის შედეგების სახელმწიფო მნიშვნელობის და დიდი პოტენციალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამეცნიერო კვლევების, ახალი პრეპარატების შექმნისა და წარმოებისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერების მიზნით 1979 – 1985 წწ. მიღებული იქნა საკავშირო მინისტრთა საბჭოს, უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის კომისიის და საქართველოს მინისტრთა საბჭოს ხუთი დადგენილება. ამან განაპირობა ინსტიტუტში სამკურნალო მცენარეთა საცდელი მინდვრების გაფართოება, რამდენიმე სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება და სპეციალისტებით დაკომპლექტება, ლაბორატორიებისა და ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზის აღჭურვა. აიგო მზა სამკურნალო პრეპარატების კორპუსი 3500 მ-კვ ფართობისა, რომელიც უკვე 1992 წელს უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში. განუხორციელებელი დარჩა ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის, აგრეთვე სუბსტანციების საამქროს მშენებლობა და სხვა.
დაარსებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი და მისი 8 თანამშრომელი საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით დაჯილდოვდა, 2 თანამშრომელს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
საქართველოს მრავალფეროვანი ფლორა, მდიდარი მინერალური ნედლეული ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა გამოვლინების დიდ შესაძლებლობას ჰქმნის.
იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი გააგრძელებს მიზანსწრაფულ კვლევებს ბუნებრივი წარმოშობის მაღალეფექტური სამკურნალო პრეპარატების შექმნის მიმართულებით, რათა აღორძინდეს ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული და ესოდენ მნიშვნელოვანი ფარმაცევტული მრეწველობა ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, არსებული საწარმოო სიმძლავრეების და მეცნიერული პოტენციალის გამოყენებით.

2006 წლამდე ინსტიტუტში ფუნქციონირებდა შემდეგი სამეცნიერო ერთეულები:

ფარმაკობოტანიკის განყოფილება

ინსტიტუტის დაარსებისთანავე ფარმაკობოტანიკის განყოფილება ჩამოყალიბდა. განყოფილების გამგე 25 წლის განმავლობაში იყო პროფესორი ედუარდ აბოლი; ხოლო ფარმაკობოტანიკურ ექსპედიციებს და ჰერბარიუმის შექმნას პროფესორი ვალერიან შოთაძე ხელმძღვანელობდა. 1956-1959 წწ განყოფილებას განაგებდა პროფესორი ანდრეი იაცენკო-ხმელევსკი, 1959-1980 წწ პროფესორი ნიკოლოზ ანელი, 1980-1986 წწ ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი თამაზ მარდალეიშვილი. 1986 წლიდან დღემდე განყოფილების გამგეა ჯემალ ანელი, მეცნიერ-კონსულტანტი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი იოსებ ლაჩაშვილი.

განყოფილების მეცნიერ-კონსულტანტად პერიოდულად აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი იყო მოწვეული. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფარმაკობოტანიკის გაბყოფილებაში გამოჩენილი მეცნიერ-ბოტანიკოსი, აკადემიკოსი დიმიტრი სოსნოვსკი მოღვაწეობდა. პირველ წლებში განყოფილებაში მუშაობდა პროფესორი არისტარხ მშვიდობაძე, შემდეგ ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატი თამარ კახუჩაშვილი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი გრიგოლ ტატიშვილი და სხვები.

განყოფილება აწარმოებს საქართველოს ფლორის გამოკვლევას ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა შემცველი მცენარეების გამოვლინების მიზნით, მნიშვნელო-ვან სამკურნალო და ტექნიკურ მცენარეთა გავრცელების არეალების და პუნქტების შესწავლას, ბუნებრივი და საექსპლუატაციო რესურსების დადგენას; იკვლევს მცენარეთა ზრდის ბიოეკოლოგიურ თავისებურებებს; სწავლობს ხალხური მედიცინის გამოცდილებას; აგროვებს მცენარეებს ქიმიური ანალიზისა და სამკურნალო პრეპარატთა მიღებისათვის; ამუშავებს საჰერბარიუმო მასალას. ინსტიტუტის ჰერბარიუმი 3300 სახეობას და 30000 ფურცელს ითვლის.

ყოველწლიური ფარმაკობოტანიკური ექსპედიციებით და მიზნობრივი გასვლებით შესწავლილია საქართველოს ყველა რაიონი. გამოვლენილია მრავალ სამკურნალო მცენარეთა მნიშვნელოვანი მარაგი, მათ შორის: ჟანგოვანა და წამწამოვანი სათითურები, კავკასიური შმაგა, გველის სურო, სკიპალო, კავკასიური შროშანა, მრგვალი წამალი, კავკასიური და აფხაზური ხარისძირა, კუროსთავი, თაგვისარა და სხვა. მცენარეთა სისტემატიკისა და ანატომიური აღნაგობის შესწავლის შედეგები ახალ სამკურნალო მცენარეთა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციებშია ასახული. პროფესორ ნიკოლოზ ანელის ხელმძღვანელობით მცენარეთა უმაღლესი ანატომიის დარგი განვითარდა. გამოვლინდა რიგი კანონზომიერი თავისებურებანი ფოთლის, ღეროს, ყუნწის ანატომიურ შენებაში, რომელთა აღწერასაც სპეციალური მონოგრაფიები მიეძღვნა.

შესწავლილია თესლის აღმოცენებისა და გაღვივების მორფოლოგიური სტრუქ-ტურები. გამოცემულია «აღმონაცემების სარკვევი».

აღრიცხულია სარეველა, ეკლიანი, საღებარი მცენარეები მედიცინაში მათი შე-საძლო გამოყენების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ფლორის იშვიათ და განადგურების პირად მდგომ მცენარეთა დაცვის საკითხებს ექცევა.

განყოფილების თანამშრომელების მიერ გამოქვეყნებულია 7 მონოგრაფია, 250 სტატია, მიღებულია 6 საავტორო მოწმობა და პატენტი, დაცულია 3 სადოქტორო და 6 საკანდიდატო დისერტაცია.

ალკალოიდების განყოფილება

ინსტიტუტის დაარსების პირველივე წლებში ჩამოყალიბდა ფარმაკო-ქიმიური გა-ნყოფილება, სადაც შეისწავლებოდა ახალ პრეპარატთა შექმნასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები: მცენარეთა ქიმიური გამოკვლევა, ანალიზის მეთოდები, ტექნოლოგიების დამუშავება და სხვა. შემდეგ განყოფილებამ ქიმიისა და ანალიზის სახელწოდება მიიღო, ხოლო 1974 წელს ალკალოიდების განყოფილებად გადაკეთდა.

1933-1942 წლებში განყოფილების გამგე იყო პროფესორი ნიკოლოზ მასხულია, 1942-1944 წწ პროფესორი ალექსანდრე პლისოვი, 1944-1981 წწ პროფესორი ქეთევან მუჯირი, 1981 წლიდან ალკალოიდების განყოფილებას ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალენტინა ვაჩნაძე ხელმძღვანელობს.

ალკალოიდების შემცველობაზე გაანალიზებულია საქართველოში ველურად მოზარდი და ინტროდუცირებული 1050 მცენარე. გამოვლენილია ალკალოიდშემცველი 350 სახეობა; მათგან 32 პირველადაა დახასიათებული როგორც ამ კლასის ნივთიერებათა პროდუცენტი. დადასტურებულია, რომ ჩვენში მოზარდ მცენარეებში ალკალოიდების თითქმის ყველა ქიმიური ჯგუფის ფუძეების ბიოსინთეზი ხორციელდება. პერსპექტიულ მცენარეთა ღრმა შესწავლის შედეგად გამოყოფილი და დახასიათებულია 132 ინდივიდუალური ალკალოიდი, მათ შორის 25 ახალი ნივთიერება, რომელთა სრული ქიმიური სტრუქტურები დადგენილია. მაგალითად: ინდოლური ალკალოიდები: იზორეზერპინინი, ჰერბავინი, 16-კარბოქსიჰერბავინი, 16-კარბოსქსიმაიდინი, ჰერბოქსინი, იზოჰერბოქსინი, N – ოქსიაკუამინი, ვინკამაინინი, ჰერბადინი, ჰერბამინი; ქინალიზიდინის ჯგუფი:  D-არგემონინი, ლეონტისმინი, ლენტისმიდინი, იზოლეონტალბინი; დიტერპენული ფუძეები: გიგაკტონინი, დეზაცეტილლაპაკონტინი, ნორზორგორანინი, ორგენტინი; ფურანოქინოლური ალკალოიდები: 6, 8- დიმეტოქსიიზოდიქტამინი, 6- მეტოქსიიზოდიქტამინი და სხვა.

დადგენილია რიგი კანონზომიერებანი მცენარეთა ონტოგენეზში ალკალოიდების წარმოქმნასა და დაგროვებას შორის. ნაჩვენებია ეკოლოგიურ გეოგრაფიული ფაქტორების ზეგავლენა ალკალოიდების ბიოსინთეზზე, მაგალითად საქართველოში მოზარდ ოჯახ Apocynacea-ს წარმომადგენელში პირველადაა აღმოჩენილი ფურანოქინოლინის რიგის ალკალოიდი სკიმიამინი, ხოლო Aconitum-ის გვარში პირველადაა აღნიშნული იზოქინოლიდინის ჯგუფის ალკალოიდის იზობოლდინის არსებობა.      

გამოვლენილია რიგი ალკალოიდების საინტერესო ბიოლოგიური აქტივობა. Vinca herbacea-ს ინდოლის,  5a  მეთილენ ინდოლისა და ოქსიინდოლის ალკალოიდები სისხლის წარმოქმნის სტიმულირებას იწვევენ. მათგან შემუშავებულია ლეიკოპოეზის გამაძლიერებელი სავარაუდო პრეპარატი «ლეიკობეტინის» სახელწოდებით.  Vinca minor  -  ალკალოიდები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ოქსიბრალის და ვინკანორის მისაღებად არის რეკომენდებული. სტეროიდული, ქინოლინური და ოქსიინდოლური ალკალოიდები: იერვინი,   D,L, -პეგანინი და ჰერბავინი ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედების სტიმულირებას იწვევს და მედიკო-ბიოლოგიური კვლევებისათვის ბიოლოგიურ რეაქტივებად არიან მოწოდებულნი.

ბიოლოგიური ეფექტის მქონე ალკალოიდები სპეციფიკური ფარმაკოლოგიური მოქმედების ნივთიერებათა სინთეზისათვის შეიძლება იყოს გამოყენებული.

განყოფილების თანამშრომელთა მიერ დაცულია 2 სადოქტორო, 13 საკანდიდატო დისერტაცია, გამოქვეყნებულია ერთი მონოგრაფია და 80 სამეცნიერო სტატია, მიღებულია 8 საავტორო მოწმობა.

ფიტოქიმიის განყოფილება

ფიტოქიმიის განყოფილება 1960 წელს ჩამოყალიბდა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის ინიციატივით, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა 2006 წლამდე.

განყოფილებაში მიმდინარეობს მცენარეთა კვლევა შემდეგი ქიმიური კლასის ნივთიერებებზე:  საგულე გლუკოზიდები კარდენოლიდური და ბუფადიენოლდური ჯგუფის, სტეროიდული და ტრიტერპენული საპონინები, ციკლოარტანები, ლიპიდები, ტერპენოიდები, ფლავონოიდები, კუმარინები, ტანიდები, ანტრაქინონები, ლექტინები, პოლისაქარიდები.

წინასწარი ანალიზი ჩაუტარდა 3200 მცენარეს, ხოლო ღრმა ქიმიური გამოკვლევა 350 სახეობას. მცენარეებიდან იზოლირებული და დახასიათებულია 600-მდე ინდივიდუალური ნივთიერება.

ფუნდამენტური გამოკვლევებით მიღებულია ახალი მონაცემები მცენარეულ ნივ-თიერებათა ქიმიისა და ბიოლოგიური თვისებების შესახებ. აღწერილია რამდენიმე ათეული ახალი ნივთიერება დადგენილი ქიმიური სტრუქტურით, რითაც გამდიდრებულია ორგანულ ნივთიერებათა ნომენკლატურა. დადგენილია რიგი კანონზომიერი ურთიერთდამოკიდებულება ქიმიურ სტრუქტურასა და ფარმაკოლოგიურ ეფექტიანობას შორის. ზოგიერთი გვარის ქემოტაქსონომიური გამოკვლევით ცალკეულ ქიმიურ კლასებზე გამოვლენილია ამა თუ იმ ტაქსონისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ყოველივე ეს სასურველი ეფექტიურობის მქონე ნივთიერებათა მიზანდასახულ ძიების შესაძლებლობას ჰქმნის. ფუნდამენტური კვლევის შედეგები საფუძვლად დაედო ორიგინალური სამკურნალო საშუალებების შემუშავებას.

გამოვლენილი და შესწავლილი კავკასიის ენდემური მცენარე Digitalis ciliata Trautv., რომელიც საგულე გლიკოზიდების მდიდარი შემცველობით და ძლიერი ბიოლოგიური აქტივობით გამოირჩევა და მაღალხარისხოვან სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს. მასში დიგიტოქსიგენინის, გიტოქსიგენინის,გიტალოქსიგენინის, დიგოქსიგენინის წარმოებული 55 კარდენოლიდია აღმოჩე-ნილი, რომელთაგან დიგიტოქსიგენინის გლიკოზიდები დომინირებენ. მცენარე მო-წოდებულია დიგიტოქსინის და აცეტილდიგიტოქსინის მისაღებად. მედიცინაში გა-მოიყენება D. ciliata-საგან შექმნილი კარდიოტონური პრეპარატები დიგიცილენი (ამპულებში) და დიგიცილი (ტაბლეტებში).

შესწავლილია Helleborus  abchasicus ბუფადინილები და ეს მცენარე საგულე პრეპარატების კორელბორინი “K” და “П”–ს წარმოებისთვისაა რეკომენდებული. რიგი  საგულე გლიკოზიდის და აგლიკონის ტრანსფორმაციაა ჩატარებული მათი ფარმაკოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად.

შესწავლილია 35 მცენარის სტერიოდული გლიკოზიდების შედგენილობა. Yucca gloriosa -ში ძირითადად ერთი საპოგენინის ტიგოგენინის გლიკოზიდებია წარ-მოდგენილი; ამან განაპირობა ტიგოგენინის მოწოდება სტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების სინთეზის წყაროდ, როგორც რენტაბელური სამრეწველო ნედლეულისა.  Yucca gloriosa-ს  ყვავილების სტეროიდული გლიკოზიდებისაგან მცენარეთა ზრდის მაღალეფექტური სტიმულატორი “ალექსინია”  შექმნილი.  Yucca gloriosa და Y. aloepholia  ფოთლებიდან და ყვა-ვილებიდან გამოყოფილია ახალი კეტოსაპოგენინი იუკაგენონი და ახალი გლიკოზიდები იუკალოიზიდები  A, B, ჩ, D. დადგენილია  Yucca -ს ენდოფერმენტის  b-გლუკოზიდაზას სპეციფიურობა ფუროსტანოლური გლიკოზიდების სპიროსტანოლებად გარდაქმნაში.

Ruscus ponticus -ის და R. colchicum--ის ფესვებში და ფესურებში იშვიათი აგლიკონების რუსკოგენინის და ნეორუსკოგენინის გლიკოზიდები ბიოსინთეზირდე-ბიან, რომელთაც რუსკოპონტიზები ეწოდათ. გამოყოფილი და დახასიათებულია ამ მცენარეების ძირითადი ფურო- და სპიროსტანოლური გლიკოზიდები. Digitalis ciliata-ს და D.ferruginea-ს  თესლებში სტეროიდულ გლიკოზიდ დიგიტონინის მაღალი შემცველობაა დადასტურებული. შემუშავებულია მისი მიღების ორიგინა-ლური ტექნოლოგია და ორგანიზებულია წარმოება. Tribulus terrestris-ში პირველად იქნა აღმოჩენილი სტეროიდული გლიკოზიდები და  5b რიგის საპოგენინი - დიოსგენინი. მცენარის ფურო- და სპიროსტანოლური გლიკოზიდებისაგან შემუშავებულია პრეპარატი «ტრიბუსპონინი» ათეროსკლეროზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის და ანაბოლიტური საშუალება.

Hedera caucasigena,   H. colchica,   H. Pastuchowii,   Caltha   polipetala, Cephalaria  gigantea, Digitalis ciliata-დან იზოლირებულია ახალი ტრიტერპენული გლიკოზიდები: ჰედერაკოლხიზიდები, ჰედერაკავკაზიდები, პასტუხოზიდები, კოლხიზიდები, სტემოზიდები,  პოლიპეტალოზიდები, გიგანტეოზიდები, დიგიტოზიდები. მათ შორის იშვიათი ქიმიური სტრუქტურისა და საინტერესო ბი-ოლოგიური აქტივობის გლიკოზიდებია აღწერილი.     H.caucasigena -ს  პრეპარატი “კავსურონი“  წარმატებით იხმარება როგორც ბრონქოსპაზმოლიზური საშუალება. საქართველოში ინტროდიცირებული Fატსია ჯაპონიცა-ს ტრიტერპენული გლიკოზიდების – ფაციოზიდების საფუძველზე ანტირევმატიული პრეპარატი „ფაციფლოგინია“  შექმნილი. ჩაის თესლების ტრიტერპენული საპონინის თეასაპონინის ტექნოლოგიაა დამუშავებული და ორგანიზებულია მისი წარმოება. თეასაპონინი თურქულის ვაქცინის ეფექტური ადიუვანტია; ჩანერგილია აგრეთვე ყაზანის სამედიცინო ფოტომასალების ქარხანაში მაღალმგრძნობიარე რენტგენის ფირფიტების წარმოებაში.

ციკლოარტანების შემცველობით  მდიდარი Astragalus--ის გვარი აღმოჩნდა. 20 ნივთიერება, მათგან ერთი ახალი აგლიკონი ციკლოგალეგენინი და მისი გლიკოზიდები ციკლოგალეგოზიდები და ციკლოარკაულოზიდები იქნა გამოყოფილი.

მცენარეული ლიპიდების კვლევა, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა, სამკურნალო მიზნით გამოყენებისათვის, პირველად ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში დაიწყო. დადგენილია ლიპიდების ცალკეული კლასების ნატიფი ქიმიური სტრუქტურების რიგი სპეციფიკური თავისებურებანი; აღმოჩენილია მცენარეული ცხიმებისათვის იშვიათი კლასები: ფოსფონოლიპიდები, დიოლური ლიპიდები, ნატივური სახით ეპოქსი-, ოქსო-, ოქსი მჟავები; იშვიათი ცხიმოვანი მჟავები: ბეგენის, ვაკცენის, ნერვონის, ეიკოზენის, a- ლინოლენის; მნიშვნელოვანი რაოდენობით ეიკოზატრიენის, არაქიდონის მჟავები და ცხიმოვან მჟავათა იშვიათი იზომერები. აღწერილია ფოსფოლიპიდების უნიკალური ფორმები და მათი N- აცილირებული ანალოგები; ტრი- და დი-აცილ გლიცერიდების უჩვეულო პოზიციური სახეობრივი მდებარეობანი და სხვა.

Helleborus   abchasicus  და H. caucasicus  ნეიტრალური ლიპიდები, რომლებიც ფესვებში და ფესურებში უჩვეულოდ დიდი რაოდენობით გროვდებიან (15-20%) და უნიკალური ქიმიური შედგენლობით გამოირჩევიან, სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტურობას ამჟღავნებენ. მათ საფუძველზე მომზადებულია პრეპარატი  „ჰელიპოლი“  ზედაპირული ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნისათვის სამკურნალოდ  რენტგენოთერაპიასთან კომბინაციაში.

Digitalis -ის ლიპიდების პრეპარატი დიგიპუროლის სახელწოდებით ვირუსული გრიპის პროფილქტიკისა და მკურნალობისთვისაა მომზადებული.  Paliurus  spina-christi-ს ნაყოფების ლიპიდებში ხსნადი ფენოლური შენაერთებისაგან შექმნილი ჰეპატოპროტექტორული და ნაღვლის დამდენი პრეპარატი „ცარუბოლი“  ნებადართულია მკურნალობაში გამოსაყენებლად.

სოჭის, ჩაის, ძეძვის, ხავერდის ხის, ყურძნის თესლების ნეიტრალური ლიპიდები ფარმაციაში და პარფიუმერია-კოსმეტიკაში გამოსაყენებლადაა რეკომენდებული.

ნაჩვენებია, რომ საქართველოს ფლორის წიწვოვანთა ფისებში ტერპენოიდები განსხვავებული და უფრო მდიდარი შედგენილობით ბიოსინთეზირდებიან, ვიდრე სხვაგან მოზარდ იგივე მცენარეებში. აღწერილია ახალი ბიციკლური დიოლი 15-ოქსოაბიეტინოლი.

ფლავონოიდებზე, ტანიდებზე, კუმარინებზე, ლიგნანებზე, ანტრაქინონებზე გამოკვლეულია Onobrychis  Adans.,  Astragalus L.,  Trifolium L.,  Heracleum L.,  Rhamnus L., Delphinium L . 90 სახეობა და სხვადასხვა გვარის წარმომადგენელი რამდენიმე ათეული მცენარე. მრავალი ახალი ბუნებრივი ნივთიერებაა აღწერილი, მაგალითად, ფლავონოიდები ასკაზიდი და ასგალოზიდი;  ფუროკუმარინი ჰერაკოლი, იზოკუმარინები ფლექსიდინი და დელფოზიდი, ლიგნანური ლაქტონები: ნემეროზინი, კეროფილინი, მაკულატინი, ჰიდროლიზებადი ტანიდი გლარეინი A და სხვა.

დადგენილია რამდენიმე მცენარის ფენოლური შენაერთები სისხლის წარმოქმნის მასტი-მულირებელი ეფექტურობა; გრძელდება კვლევები ლეიკოპენიების შემთხვევაში მათი გამოყენების შესაძლებლობის დასადგენად.

Astragalus falcatus - ფლავონგლიკოზიდ რობინინისაგან შემუშავებულია ჰიპოაზოტემური პრეპარატი «ფლარონინი», Rhododendron Ungernii-ის ფენოლური ნივთიერებებისაგან ჰერპესულ დაავადებათა საწინააღმდეგო საშუალებათა «როდოპესი», Satureja hortensis-ს ფენოლური შენაერთებისა და დიტერპენების შემცველი ჰიპოგლიკემური პრეპარატი “სატურინი». Rhamnus frangula -ს ანტრაგლიკოზიდების აუტოფერმენტაციით მიღებულია კუჭ-ნაწლავის დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატი «რამნილი»; მოწოდებულია 1,8-დიოქსი-9-ანტრონის მალამო «ფსორანტრონი» ფსორიაზის საწინააღმდეგო საშუალება.

დადგენილია რიგ მცენარეთა ჰომოგენური ლექტინების ცილოვანი კომპონენტების მოლეკულური მასები, მონოშაქრებისადმი სპეციფიკური აქტივობის ზღვრები. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო Bryonia alba -ს ლექტინები აღმოჩნდნენ.

გამოვლინებულია მნიშვნელოვანი პოლისაქარიდების: გლუკოფრუქტანების, გლუკომანანების, მჟავე არაბოგალაქტინების ახალი წყაროები. აღწერილია რიგი იშვიათი ტიპის პოლისაქარიდი. აღმოჩენილია ახალი ქიმიური კლასი ფენილკარბომჟავას პოლიმერის – პოლიოქსი-1 კარბოქსი-2 (დიჰიდროფენილ) ეთილენის სახით, რეგულარულად განმეორებადი რგოლებით, 1 მილიონ დალტონზე მეტი მოლეკულური მასით. ეს ახალი პოლიმერი მცენარე Symphytum asperum da S. caucasicum-ის ფესვების პოლისაქარიდების წყალში ხსნადი ფრაქციიდანაა გამოყოფილი. იგი ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტიკომპლე-მენტური მოქმედებით გამოირჩევა.

შემუშავებულია სამკურნალო პრეპარატთა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერე-ბათა მიღების ტექნოლოგიები, ანალიზისა და სტანდარტიზაციის მეთოდები.

გამოვლენილია სხვადასხვა ქიმიური კლასის ჯამური პრეპარატების და ინდივი-დუალური ნივთიერებების მრავალმხრივი ბიოლოგიური აქტივობა, რაც მედიცინაში მათი გამოყენების პერსპექტივას სახავს.

ფიტოქიმიის განყოფილების თანამშრომლობის მიერ გამოცემულია 11 მონოგრაფია; გამოქვეყნებულია 530 სტატია, მიღებულია 98 საავტორო მოწმობა და პატენტი, მეცნიერული კვლევის შედეგები მოხსენებულია მრავალ საერთასორისო სამეცნიერო ფორუმზე. მომზადებული და დაცულია 5 სადოქტორო და 30 საკანდიდატო დისერტაცია. განყოფილებას ფართო შემოქმედებითი კონტაქტები აქვს დამყარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების და შორეული უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან.

2006 წელს ფიტოქიმიის განყოფილების ბაზაზე შეიქმნა 5 ლაბორატორია: სტეროიდებისა და საგულე გლიკოზიდების, ფენოლური შენაერთების, მცენარეული ბიოპოლიმრების, ტრიტერნენული შენაერთების, ლიპიდების და ანტრაქინონების, რომლებიც ნაყოფიერად აგრძელებენ მუშაობას მცენარეთა კვლევის დარგში.

სამკურნალო ფერმენტოლოგიის ლაბორატორია

სამედიცინო ბიოქიმიის, მთის კლიმატის ბიოქიმიისა, ბიოქიმიური ანალიზის და ანალიზის ფერმენტული მეთოდების დარგში აკადემიკოს ვლადიმერ ასათიანის ხელმძღვანელობით მოპოვებული ფუნდამენტული კვლევის შედეგები მის მრავალრიცხოვან ბრწყინვალე მონოგრაფიასა და სახელმძღვანელოში აისახა.

ინსტიტუტის ექსპერიმენტული ბიოქიმიის განყოფილებას აკადემიკოსი ვლადიმერ ასათიანი განაგებდა. ამ განყოფილების ფერმენტოლოგიის ჯგუფის ბაზაზე 1981 წელს სამკურნალო ფერმენტოლოგიის ლაბორატორია ჩამოყალიბდა, რომელსაც დღემდე ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი გიორგი ერქომაიშვილი ხელმძღვანელობს. ლაბორატორიის ძირითადი მიმართულებაა ბიოქიმიური კველვებისათვის ფერმენტული პრეპარატების მიღება, მცენარეული და მიკრობული წარმოშობის ფერმენტების შესწავლა მედიცინაში მათი გამოყენების მიზნით.

ტეტრაციკლინის წარმოების ნარჩენებში გამოვლინდა, გამოიყო და შესწავლილია პროტეოლიზური კომპლექსი-რიმოპროტელინი.Mმისი მიღების მეთოდი მრავალ ქვეყანაში დაპატენტდა. წარმატებით ჩატარდა რიმოპროტელინის კლინიკური აპრობაცია დამწვრობითი და ჩირქოვანი იარების სამკურნალოდ. რიმოპროტელინის გამოყენებით შემუშავდა აგრეთვე ქართული ყველის წარმოების ტექნოლოგია.

სტრეპტომიცინის წარმოების ნარჩენებიდან გამოყოფილი ფერმენტული კოპლექ-სის პროტელინისაგან მიღებულია ცილის ჰიდროლიზატები ავადმყოფთა  პარენტე-რალური კვებისათვის: ვიტაზოლი-1 (კაზეინისაგან) და ვიტაზოლი-2 (ფიბრინისაგან).

კვლევები რიმოპროტელინისა და ვიტაზოლების შესაქმნელად საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის ნ. ზელინსკის სახელობის ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ცილის ქიმიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით სწარმოებდა.

საქართველოში ინტროდუქციული ნესვის ხის – Carica papaya-ს ნაყოფის რძეწვენისაგან მიღებულია მძლავრი  პროტეოლიზების კომპლექსი - პაპაინი, შესწავლილია მისი ქიმიური შედგენილობა. დამუშავდა პაპაინის ფერმენტთა კომპლექსის მიღების ტექნოლოგია და შეიქმნა პროტელიზური ფერმენტული პრეპარატი «კარიპაზიმი». კარიპაზიმმა წარმატებით გაიარა კლინიკური აპრობაცია საბჭოთა კავშირის წამყვან სპეციალიზირებულ დაწესებულებებში და ნებადართულია მედიცინაში გამოყენებისათვის. კარიპაზიმმა ფართო გამოყენება ჰპოვა ქირურგიაში, ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში, ნეიროქირურგიაში, ნევროლოგიაში, სტომატოლოგიაში.

კარიპაზიმის ფართო მასშტაბით გამოშვება სტერილური ლიოფიზირებული ფხვნილის სახით ინსტიტუტის ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზაში მიმდინარეობს. ლაბორატორია მუშაობს პაპაიას პროტეაზების კომპლექსის ქიმიურ მოდიფიკაციაზე ამ ფერმენტების სტაბილურობისა და ფარმაკოლოგიური თვისებების გაუმჯობესების მიზნით. მიღებული და შესწავლილია პაპაიას პროტეაზების კომპლექსები, ქიმიურად მოდიფიცირებული დექსტრანის, პოლიამიდისა და პოლიურეთანის მეშვეობით. დექსტრინით მოდიფიცირებულმა პრეპარატმა, სხვა არსებულ საშუალებებთან შედარებით, საუკეთესო თვისებები გამოავლინა თვალის გიფეგის მკურნალობისას (ექსპერიმენტში).

ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია, გამოქვეყნებულია 46 სტატია, მიღებულია 6 საავტორო მოწმობა.

ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიური მოდიფიკაციის განყოფილება

1971 წელს დაარსდა სტეროიდული შენაერთების პრეპარატების სინთეზის განყოფილება. 1986 წლამდე მას ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი თეიმურაზ ხოშტარია ხელმძღვანელობდა,  1986-1993 წწ ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ლევან ქავთარაძე; 1993 წლიდან დღემდე კი განყოფილების გამგეა ქიმიის მაცნიერებათა დოქორი მადონა სიხარულიძე.

განყოფილების ამოცანას შეადგენდა სტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების სინთეზისათვის ახალი ნედლეულის სტეროიდულ საპოგენინის – ტიგოგენის გამოყენების შესაძლებლობის დადგენა. საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ქიმიურ-ფამაცევტულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, განხორციელდა ტიგოგენინის გარდაქმნა ჰორმონალური პრეპარატების საწყის პროდუქტებად: 5a-პრეგნენ-16-ენ-3b-ოლ–20-ონად და 5a-ანდროსტან-3b-ოლ-17ონ აცეტატად. შედგენილი იქნა მათი მიღების ლაბორატორიულ-ტექნოლოგიური რეგლამენტი. შემდეგში შემუშავდა საწყის ნივთიერებად ტიგოგენინის უავტოკლავო გახლეჩის მეთოდები, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა სინთეზის პროცესი.

ტეგოგენინიდან სინთეზირებულია 5a რიგის პრეპარატები: დიჰიდროტესტოსტერონი და მისი პროპიონატი, მეტანდროსტერენოლი, აგრეთვე ზოგიერთი ანაბოლიტური, ანდროგენული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ტიგოგენინიდან სინთეზირებულია რიგი ბიოლოგიურად აქტიური ამინოსტეროი-დები და სტეროიდული ჰიდრაზონები. ეპიანდროსტერონის იზონიკოტინოილჰიდნა-ზონს ძლიერი ანტიტუბერკულოზური მოქმედება აღმოაჩნდა.

2002 წელს განყოფილებას ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიური მოდიფიკაციის სახელი ეწოდა, რითაც მისი მოქმედების სფერო უფრო გაფართოვდა.

განყოფილების თანამშრომლების მიერ დაცულია ერთი სადოქტორო, 8 საკანდიდატო დისერტაცია. გამოქვეყნებულია 50 სამეცნიერო სტატია, მიღებულია 3 საავტორო მოწმობა.

ანალიზისა და სტანდარტიზაციის განყოფილება

ფარმაცევტული ანალიზის, სამკურნალო პრეპარატთა კონტროლისა და სასამარ-თლო-ქიმიური ექსპერტიზის დარგში კვლევები ადრეულ წლებში პროფესორების ოიველ ქუთათელაძის და ნიკოლოზ მასხულის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ფარმაკოქიმიურ და ქიმიისა და ანალიზის განყოფილებაში.

1953 წელს ჩამოყალიბდა მიკროანალიზის ლაბორატორია, ხოლო 1960 წელს ანალიზური ქიმიის განყოფილება, რომელსაც ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდი-დატი ვიქტორ ბოსტოღანაშვილი განაგებდა. 1981 წლიდან განყოფილების გამგეა ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პავლე იავიჩი.

განყოფილება რესპუბლიკის მოთავე დაწესებულება იყო ელემენტარული მიკროანალიზის დარგში. 1978-1993 წლებში ფუნქციონირებდა ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის სპექტრო-სკოპიის რესპუბლიკური ცენტრი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორ პროფესორ ვლადიმერ ციციშვილის ხელმძღვანელობით.

განყოფილების ძირითადი მიმართულებაა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ანალიზის მეთოდიკების დამუშავება მცენარეულ ნედლეულში, სამკურნალო პრეპა-რატთა სუბსტანციებში, მზა სამკურნალო ფორმებში და წარმოების კონტროლისათვის. მიმდინარეობს კვლევები ბუნებრივ და სინთეზურ ორგანულ ნივთიერებათა ფიზიკო-ქიმიური თვისებების შესწავლისა და სტრუქტურების დადგენის მიმართულებით თანამედროვე ფიზიკო_ქიმიური და სპექტრალური ანალიზის მეთოდების გამოყენებით.

შემუშავებულია ცალკეული ელემენტების მიკროანალიზის ოპტიმალური ორიგი-ნალური მეთოდები; ალკალოიდების, სტეროიდული და ტრიტერპენული გლიკოზი-დების, ფენოლური ნივთიერებების ანალიზის საკმაოდ ზუსტი მეთოდიკები. განსაკუთრებით ფართო მუშაობა ჩატარდა ბენტონიტური თიხის პრეპარატის თიხა-ასკანეს ფუძეზე დაზადებული რბილი სამკურნალო ფორმების ანალიზის დარგში.

განყოფილებაში მუშავდება ახალ პრეპარატთა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენ-ტაციები და სწარმოებს სამკურნალო საშუალებათა ანალიზური კონტროლი.

გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანი კვლევები მიმდინარეობს ბუნებრივ სამკურნალო პრეპარატთა სუბსტანციების ტექნოლოგიური სქემების შემუშავებისათვის. შექმნილია ალკალოიდების და ფენოლური შენაერთების: კოლხამინის, კოლხიცინის, ბერბერინის, სეკურინინის, ტანინის, გალის მჟავას და სხვათა წარმოების ორიგინალური და გაუმჯობესებული ტექნოლოგიები. შექმ-ნილია სამკურნალო საშუალებები: კოლხიცინი, ტანიფუცინი, მიკროგალინი, ექსტრალაქსი, სამკურნალო მცენარეთა ნატურალური კაფსულირებული ფორმები.

განყოფილების თანმშრომელთა მიერ დაცულია 2 სადოქტორო, 6 საკანდიდატო დისერტაცია, გამოქვეყნებულია ერთი მონოგრაფია, 130 სამეცნიერო სტატია, მიღე-ბულია 121 საავტორო მოწმობა და პატენტი.

ტექნოლოგიის განყოფილება

ტექნოლოგიის განყოფილების პრიორიტეტული მიმართულებაა აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის მიერ საქართველოს ბენტონიტური თიხიდან მიღებული პრეპარატის – თიხა-ასკანეს ფარმაცევტულ ტექნოლოგიაში, მედიცინაში, ვეტერინარიაში და კოსმეტიკაში გამოყენების შესაძლებლობათა გაფართოება. სამკურნალო ნივთიერებების და მათი მზა წამლის ფორმების მიღების ტექნოლოგიების დამუშავებაზე ინსტიტუტში კვლევები მისი დაარსების დღიდან მიმდინარეობს. ამ სამუშაოებს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ პროფესორები პავლე ჭუმბურიძე, ქეთევან მუჯირი, ხოლო ტექნოლოგიის განყოფილების ცალკე ჩამოყალიბების შემდეგ მისი ხელმძღვანელები იყვნენ: 1948-1952 წლებში – პროფესორი აკაკი გახოკიძე, 1952-1953 წლებში – ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატი ვიქტორ ბოსტოღანაშვილი, 1953-1955 წლებში – პროფესორი ვალერი გოგუაძე, 1955-1977 წლებში – დამსახურებული პროვიზორი პლატონ ბერიძე, 1977 წლიდან დღემდე განყოფილების გამგეა ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ცაგარეიშვილი.

წინა წლებში დამუშავდა სამედიცინო ტანინის ექსტრაქციის და «სუფთა» კვალი-ფიკაციის ტანინის მიღების ტექნოლოგიები, გალის მჟავას მიღების მეთოდი. გაუმ-ჯობესებულია პრეპარატ «ბუროვის სითხე»-ს მომზადების ხერხი. მოწოდებულია დარიშხანის შემცველი რამდენიმე პრეპარატის ორიგინალური ტექნოლოგია. შემუ-შავებულია ბერბერინის, კოლხამინის, კოლხიცინის ტექნოლოგიები და სხვა.

დღეისათვის განყოფილებაში წარმოებული ტექნოლოგიერი და ბიოფარმაცევტუ-ლი კვლევების შედეგად, თიხა-ასკანეს გამოყენებით სხვადასხვა დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის შექმნილია ემულსიური და სუსპენზიური ტიპის მალამოები, მალამოთა მშრალი კონცენტრატები. სხვადასხვა ქიმიური, ფიზიკური და ფარმაკოლოგიური თვისებების მქონე ნივთიერებათა შემცველი მალამოებისათვის, რომელიც სამედიცინო ვაზელინზე მზადდებოდა, შემუშავებულია ფუძემატარებლების ახალი რეცეპტურები და დამზადების ტექნოლოგიები; შესწავლილია მათი რეოლოგიური, ტექნოლოგიური, რეზობციული პარამეტრები და ტიქსოტროპული მახა-სიათებლები; დამუშავებულია სტანდარტიზაციის მეთოდები. გამოკვლეულია მოწოდებულ ფუძემატარებელთა და მალამოთა ზედაპირულად აქტიური, კოლოიდურ-მიცელარული ქაფის წარმოქმნის თვისებები; დადგენილია მიცელწარმოქმნის კრიტიკული კონცენტრაციები და ჰიდროფილურ-ლიპოფილური  ბალანსი. შესწავლილია აღნიშნულ ფუძეთა მიერ წყლის შთანთქმის და შეკავების უნარი. თიხა-ასკანეს ნაწილაკთა გაჯირჯვების ხარისხის რეგულირების შესაძლებლობა დადგენილია ადსორბციულ ფუძემატარებლებში ლანოლინის, მცენარეული და მინერალური ზეთების, ცელულოზის წარმოებულების, პოლიეთილენოქსიდების, ოქსიეთილირებული ცხიმოვანი სპირტების და სხვა ემულგატორების შეყვანის გზით.

საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური პროგრამით დამუშავებულია ატოპური დერმატიტის სამკურნალო პრეპარატები.

შრომათა ციკლისათვის: – საქართველოს ბენტონიტური თიხების გამოყენებით ახლი სამკურნალო პრეპარატების შექმნა – ავტორთა ჯგუფს (გურამ ცაგარეიშვილი – ხელმძღვანელი, ინგა დადეშიძე, ლია წიკლაური, ილია თაბაგარი) 1999 წელს აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია მიენიჭათ.

დაცულია ერთი სადოქტორო და ოთხი საკანდიდატო დისერტაცია; მიღებულია 11 საავტორო მოწმობა და პატენტი; გამოქვეყნებულია 97 სამეცნიერო სტატია და მოხსენებათა თეზისი საქართველოს და უცხოეთის გამოცემებში. საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის გამომცემლობა «მეცნიერება»-ს მიერ გამოცემულია საქართველოს ბენტონიტური თიხების ბიოფარმაცევტული, ტექნოლოგიური, რეოლოგიური, ფიზიკო-ქიმიური კვლევების შედეგების ამსახველი 9 მონოგრაფია.

განყოფილებაში გრძელდება ბიოფარმაცევტული კვლევები ახალი რბილი წამლის ფორმების დასამუშავებლად.

ბიოლოგიური კვლევის განყოფილება

ინსტიტუტის დაარსებისთანავე შეიქმნა წამლების ბიოლოგიური შეფასების გა-ნყოფილება, რომელსაც 1932-1938 წწ ხელმძღვანელობდა პროფესორი გიორგი ვაწაძე, ხოლო 1938-1960 წწ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დიმიტრი გედევანიშვილი.

განყოფილებაში ტარდებოდა კვლევა ბუნებრივ ნივთიერებათა სპეციფიკური ფარმაკოლოგიური მოქმედების დასადგენად და პრეპარატების ტოქსიკოლოგიური თვისებების დასახასიათებლად, კლინიკური აპრობაციის მომზადებისათვის, რაც შემდგომში მედიცინაში მათ დანერგვას განაპირობებდა.

ნივთიერებათა ბიოლოგიური აქტივობის გამოკვლევის კლასიკური და ორიგინა-ლური მეთოდებით გამოვლინდა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი, ანტიჰელმინთური, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, კუჭ-ნაწლავის სისტემის მა-რეგულირებელი, დერმატოლოგიური და ინსტიტუტის მიერ მოწოდებული სხვა ეფექტური პრეპარატები.

ბიოლოგიური შეფასების განყოფილებას 1960 წელს ბიოლოგიური კვლევის ლა-ბორატორია ეწოდა; მას 2006 წლამდე ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ გედევანიშვილი ხელმძღვანელობდა.

განყოფილებაში ტარდება ექსპერიმენტული კვლევა ქსოვილთა რეგენერაციაზე, ჰემოპოეზზე, სიმსივნურ ზრდაზე და შესაბამის უჯრედულ ფუნქციებზე მცენარეული ნივთიერებების ზემოქმედების შესწავლის მიმართულებით.

ფიბრობლასტებში სეროტონინისა და მისი ანალოგებისათვის სპეციალური რე-ცეპტორებია გამოვლენილი და დადგენილი, რომ ფიბრობლასტების ადჰეზიური თვისებები და პროლიფერაციის უნარი ზოგიერთი კლასის ალკალოიდების ზეგავ-ლენით მკვეთრად ძლიერდება. უჯრედულ კულტურებში დადგენილი ამგვარი ეფექ-ტი რეგენერაციული მოვლენების გასაუმჯობესებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული. კულტურულ საკვებ ნიადაგებში შესაძლებელია შრატის ნაწილობრივი შეცვლა სტეროიდული და ინდოლური ჯგუფის ისეთი ალკალოიდებით, როგორიცაა იერვინი, ჰერბავინი და პეგანინი.

ჰემოპოეზის ნეირო-ჰუმორალურ რეგულაციაში ბუნებრივი სტიმულატორების გა-მოყენების შესაძლებლობა დადგინდა. სახელდობრ ნაჩვენებია, რომ გრანულოციტარული წინამორბედების წარმოქმნა და მიგრაცია ქოლინერგული სიმპატიკური ტრაქტის გავლენას ექვემდებარება. ფენოლური გლიკოზიდები ამ სისტემაში ცენტრალურ განყოფილებას ააქტივებენ, ხოლო ოქსიინდოლური ალკალოიდები უშუალოდ ძვლის ტვინში გრანულოციტების გამრავლებასა და დიფერენცირებას უწყობენ ხელს, რაც ალფა-ადრენერგული მექანიზმითაა განპირობებული. ამის შესაბამისად დამუშავებულია ლეიკოპენიების სამკურნალო პრეპარატები „ლეიკობეტინი“ და “ლეიკოფენი“.  ექსპერიმენტში ნაჩვენებია მათი კომბინირებული გამოყენების მიზანშეწონილობა, განსაკუთრებით, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პირობებში.

გამოვლენილია ზოგიერთი მცენარეული ლიპიდის თვისება შეაკავოს სიმსივნური უჯრედების ზრდა და ამავე დროს დააქვეითოს მათი რადიორეზისტენტობა, ხოლო ქიმიოთერაპევტული აგენტების მიმართ მგრძნობელობა კი გააძლიეროს. აღნიშნულმა შედეგებმა განაპირობა ლიპიდური პრეპარატის ‘ჰელიპოლის» დამუშავება ზედაპირულად ლოკალიზებულ სიმსივნეთა კომბინირებულ თერაპიაში გამოყენებისათვის.

განყოფილების თანამშრომლების მიერ შესრულებულია 3 სადოქტორო და 11 საკანდიდატო დისერტაცია; გამოქვეყნებულია 155 სტატია, მიღებულია რამდენიმე საავტორო მოწმობა.

ფარმაკოლოგიის განყოფილება

ფარმაკოლოგიის განყოფილება 1977 წელს ჩამოყალიბდა; მას 2004 წლამდე ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ აბულაძე ხელმძღვანელობდა.

განყოფილება აწარმოებდა ბუნებრივი წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივ-თიერებათა მოქმედების მექანიზმების გამოკვლევას, ადგენს სავარაუდო პრეპარატთა სუბსტანციების, მათი მზა სამკურნალო ფორმების ფარმაკოდინამიკას და ტოქსიკოლოგიურ თვისებებს კლინიკური აპრობაციისათვის.

 

გამოკვლევები ტარდება ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის და სასუნთქ სისტემებზე. ისწავლება ნივთიერებათა სინაპტოაქტიური, მიოტროპული, ანტიჰიპოქსიური, ჭრილობების შემახორციელებელი, ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივ-გამაღიზიანებელი მოქმედება. მწვავე და ქრონიკული ტოქსიკურობის დადგენა ხდება ცენტრალურ და გულსისხლძარღვთა სისტემებზე, შინაგან ორგანოებზე, ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე და მორფოლოგიურად.

ჩატარებული ფარმაკოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგად სამედიცინო პრაქტიკაში ჩანერგილია პროტეოლიზური ფერმენტული პრეპარატი კარიპაზიმი, თიხა-ასკანეზე დამზადებული დერმატოლოგიური საშუალებები. შესწავლილია ხალხური მედიცინის რამდენიმე პრეპარატის მოქმედების თვისებები.

ფუნდამენტური გამოკვლევებით გამოვლენილია გულის ფუნქციის რიგი მნიშვნე-ლოვანი ცვლილებები ემოციური და ფიზიკური დატვირთვის ფონზე, ნაჩვენებია ქოლინერგული სისტემის მონაწილეობა ვეგეტატური რეაქციების ფორმირებასა და აღწარმოებაში, სუნთქვის ფუნქციასა, ზოგად და ადგილობრივ ალერგიულ რეაქ-ციებში. პირველად საქართველოში დაიწყო კვლევები ფიზიოლოგიასა და ფარმა-კოლოგიაში გამოსაყენებელი სამეცნიერო ხელსაწყოების შექმნისათვის. საქართვე-ლოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საკონსტრუქტორო ბიუროსთან თანამ-შრომლობით სერიულად გამოშვებულია რამდენიმე ხელსაწყო.

განყოფილების თანამშრომლების მიერ დაცულია ერთი სადოქტორო და ოთხი საკანდიდატო დისერტაცია. გამოქვეყნებულია ორი მონოგრაფია, 50-მდე სამეცნიერო სტატია, მიღებულია 12 საავტორო მოწმობა და პატენტი.

სამკურნალო მცენარეთა საცდელი მინდვრები

სამკურნალო მცენარეთა შირაქის საცდელი სადგური

სამკურნალო მცენარეთა მოშენების დარგში მუშაობა ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიურ-ფარმაცევტულ განყოფილებაში პროფ. ი. ქუთათელაძის ინიციატივით დაიწყო. სოფ. კასპში გამოყოფილ საცდელ ნაკვეთზე მოშენებულ იქნა: ბაღის პიტნა, სააფთიაქო სალბი, შმაგა, აბზინდა, აბუსალათინი; მაგრამ ამ ორგანიზაციამ მალე შეწყვიტა საქმიანობა.

1965 წელს ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში  სამკურნალო მცენარეთა საცდელი მინდვრის განყოფილება ჩამოყალიბდა. მისი პირველი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი  დამსახურებული აგრონომი ალექსი ჯორბენაძე ბრძანდებოდა. განყოფილებას თბილისში – ვაშლიჯვრის მიდა-მოებში 22 ჰექტარი ტერიტორია გამოეყო. 1970 წელს აღმოსავლეთ საქართველოში სოფელ კასრისწყალში სამკურნალო მცენარეთა საცდელი მინდვრის საყრდენი პუნქტი შეიქმნა, რომელიც 2002 წელს სამკურნალო მცენარეთა შირაქის საცდელ სადგურად გადაკეთდა. მას ალექსი ჯორბენაძის სახელი მიეკუთვნა. შირაქის საცდელ სადგურს 1972 წლიდან დღემდე აგრონომი ბადრი გრიგოლავა განაგებს. სადგურის ფართობო ამჟამად 162 ჰექტარს შეადგენს.

სამკურნალო მცენარეთა საცდელ მინდორში და სადგურში მიმდინარეობს კვლევები იმ პერსპექტიულ მცენარეთა ინტროდუქციისა და კულტივირებისათვის, რომელთა ბუნებრივი რესურსები შეზღუდულია. ისწავლება მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებანი, ზრდა-განვითარების ფენოლოგია, ბიომეტრია; მუშავდება გამრავლების წესები, დგინდება მცენარეთა ოპტიმალური კვების არე, სასუქებისა და ჰერბიციდების შეტანის ვადები; სწარმოებს შრომატევადი პროცესების მექანიზაციის სამუშაოები და სხვა. აგრობიოლოგიური კვლევები მცენარეებში ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა შემცველობაზე ცდების პარალელურად მიმდინარეობს.

თბილისისა და შირაქის მინდვრებში ჩატარებული კვლევის შედეგად შემუშავებულია აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში სამკურნალო მცენარეთა გამრავლების აგრორეკომენდაციები და განხორციელებულია მათი კულტივირება.

ფართო კვლევები ჩატარდა სტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების სინთეზის ნედლეულის ტიგოგენინის წყაროს – იუკა დიდებულის ინტროდუქცირებისათვის. შემუშავებულია მცენარის ვეგეტატიური გამრავლების მაღალეფექტური მეთოდი, რაც ერთი ეგზემპლარიდან 40-50 სარგავი მასალის მიღების შესაძლებლობას იძლევა. იუკა დიდებულის სამრეწველო პლანტაციები აღმოსავლეთ საქართველოში 150 ჰექტარზეა გაშენებული. იუკა დიდებული, როგორც მეტად სიცოცხლის უნარიან, გვალვა – და ყინვა გამძლე, მარადმწვანე, საუცხოო დეკორატიული მცენარე ფართოდაა ჩართული თბილისისა და მისი შემოგარენის გამწვანებაში.

გადაწყვეტილია სამედიცინო ტანინის სამრეწველო ნედლეულის – თრიმლის კულტივირების საკითხი, შრომატევადი პროცესების სრული მექანიზაციით. კულტურაში შეყვანილია: ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო პრეპარატის ტრიბუსპონინის მცენარეული წყარო კუროსთავი, ურემიის საწინააღმდეგო პრეპარატ ფლარონინის ნედლეული – ნამგალნაყოფა ასტრაგალუსი, ინდოლური და ქინოლიზიდური ალკალოიდების პროდუცენტები: ბალახოვანი გველის სურო, მცირე გველის სურო, მრგვალი წამალი; გაშენებულია პლანტაციები სამკურნალო მცენარეებისა: სააფთიაქო სალბი, გულყვითელა, გვირილა, ბაღის პიტნა, თაგვისარა, სელი, ცერეცო, აბუსალათინი, შავბალახა, თავშავა.

თბილის საცდელი მინდვრის მწირ ნიადაგზე და შირაქის ზონის მკაცრ კლიმატურ პირობებშიც კი (ცივი ზამთარი, ხანგრძლივი გვალვები) კულტივირებული სამკურნალო მცენარეები ნორმალური ზრდა-განვითარებით, კარგი მოსავლიანობით და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაღალი შემცველობით გამოირჩევიან.

ინსტიტუტის შირაქის საცდელი სადგურის ნახევრად უდაბნოს ნიადაგი, ბადრი გრიგოლავას კვალიფიციური შრომით, სხვადასხვა მცენარეებით დაიფარა და რეგიონში ერთგვარი ოაზისი შეიქმნა.

საცდელი მინდვრების პროდუქცია ინსტიტუტის მიერ მოწოდებული პრეპარატთა წარმოებას მყარი ნედლეულის ბაზით უზრუნველყოფს და რიგი სამკურნალო მცენარეები სააფთიაქო ქსელს სარეალიზაციოდ მიეწოდება.

სამკურნალო მცენარეთა ქობულეთის საცდელი სადგური

 

ტროპიკული და სუბტროპოკული სამკურნალო მცენარეების უცხოეთიდან შემოტანა და დასავლეთ საქართველოს პირობებში მათი კულტივირების შესაძლებლობის საკითხის შესწავლა, ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის წლებში დაიწყო.

1916 წელს სოხუმში დაფუძნებული სამკურნალო მცენარეთა მოყვანისა და დამზადების სახელმწიფო ინსპექციის ბათუმის უბნის სალიბაურის საყრდენი პუნქტი 1940 წელს სამკურნალო და არომატულ მცენარეთა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ВИЛАР) ამიერკავკასიის ზონალურ საცდელ სადგურად გადაკეთდა. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის აკადემიკოს ნ. ვავილოვის ინიციატივით და პროფესორ მ. გოგორიშვილის ხელმძღვანელობით, იგი ქობულეთში იქნა გადატანილი. სამეცნიერო ხელმძღვანელად აკადემიკოს ნ. ვავილოვის მოწაფე, ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატი მ. მოლოდიოჟენკოვი დაინიშნა. შემდეგში საცდელი სადგურის დირექტორები იყვნენ: მ. სიორიძე, დ. ჯინჭარაძე,  ლ. მეფარიშვილი,  მ. მოწყობილი,  უ. ნაკაიძე,  ჯ. ინაიშვილი,  ნ. სვანიძე, ხოლო 1988 წლიდან დღემდე  მას სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი ლ. ბაჯელიძე განაგებს.

1992 წელს ამიერკავკასიის ზონალური სადგური საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სტრუქტურაში იქნა შეყვანილი.

სამკურნალო მცენარეთა ქობულეთის საცდელ სადგურში შეიქმნა: იშვიათ სამკურნალო მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთი, რომელიც 200-მდე სახეობას ითვლიდა; სარგავი მასალის და თესლების ფონდი, აჭარის რეგიონში ველურად მოზარდ და კულტივირებულ მცენარეთა ჰერბარიუმი (2600 ეგზემპლარი).

ქობულეთის საცდელი სადგურის თანამშრომლებმა დაამუშავეს დასავლეთ საქართველოს ზონისათვის უცხოეთიდან შემოტანილი ტროპიკული და სუბტროპიკული სამკურნალო მცენარეთა ინტროდუქციისა და კულტივირებისათვის საჭირო მეცნიერული საფუძვლები, შეიმუშავეს იშვიათ სამკურნალო სახეობათა აგრორეკომენდაციები, აგროტექნიკა; მოსავლის აღების, გაშრობის, გადამუშავების ოპტიმალური პირობები, მცენარეთა დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები, შრომატევადი პროცესების მექანიზაციის ხერხები.

ქობულეთის ზონალურ სადგურში დამუშავებული მეცნიერული რეკომენდაციები დაედო საფუძვლად 1950 წელს ქობულეთის, ხოლო 1963 წელს შუახორგის სამკურნალო მცენარეთა საბჭოთა მეურნეობების ჩამოყალიბებას. ამით სახელმწიფოში სუბტროპიკულ და ტროპიკულ მცენარეთა ნედლეულის მყარი სამრეწველო ბაზა შეიქმნა.

ქობულეთის საცდელმა სადგურმა, პირველად საბჭოთა კავშირში, კულტურაში შეიყვანა 40-მდე უმნიშვნელოვანესი სამკურნალო მცენარე-ადრეულ პერიოდში: ქინაქინის ხე, ქაფურის ხე, ზღვის ხახვი, ევკომია, გომფოკარპუსი, კამელია, ოლეანდრი, მომდევნო წლებში: ალოე, თირკმლის ჩაი, კალანხოე, ვნების ყვავილი, ვარდისფერი კათარანთუსი, ჯადოსნური თხილი, რაუვოლფია, დელტისებრი დიოსკორეა, დანაკვთაფოთოლა ძაღლყურძენა, გლუვი სტეფანია, ლავალის კორპის ხე, პოლ-პოლა (აბრეშუმის ერვა); ბოლო 10 წლის განმავლობაში – სკიპალო, იაპონური ფაცია, აზიური ცენტელა, ყოჩივარდა, ორფერი და სხვა.

ქობულეთის საცდელი სადგურის თანამშრომლები თანაავტორები არიან საკავშირო სამკურნალო და არომატულ მცენარეთა და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტებში შექმნილი ისეთი ახალი სამკურნალო პრეპარატებისა, როგორიცაა: ლეიროზინი, როზევინი, ვინბლასტინი, დიოსპონინი, სოლასოდინი, ფლაკოზიდი, ტაურემიზინი, გინდარინი, რაუვაკანი, ფურალენი, ფაციფლოგინი; ალოეს, კალანხოას, თირკმლის ჩაის პრეპარატები.

დადგენილია დასავლეთ საქართველოში ველურად მოზარდ სამრეწველო მნიშვნელობის მქონე სამკურნალო მცენარეთა გავრცელების არეალები, ბუნებრივი და საექსპლუატაციო რესურსები. შედგენილია მათი შეგროვების, შრობის, გადამუშავების ინსტრუქციები. ამ მიმართულებით ჩატარებული ბოლო წლების კვლევების ობიექტებია: ხარისშუბლა, თეთრყვავილა, ნეგო, უცუნა, ასკილი, თუთუბო, ხბოშუბლა, ძმერხლი, უნგერნის შქერი, დათვის კანაფი, სკიპალო, ბეწვიანი პუერარია, ყოჩივარდა.

შემუშავებულია ახალ სამკურნალო მცენარეთა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციები, შედგენილი და დამტკიცებულია 36 მცენარის დროებითი ფარმაკოპეის სტატია და ტექნიკური პირობები. მცენარეთა სელექციის დარგში ჩატარებული ექსპერიმენტებით მიღებულია ვარდისფერი კატარანტუსის ახალი ფორმა - «ქობულეთის» სახელწოდებით, რომელშიც 1,3 ჯერ მეტი რაოდენობით ბიოსინთეზირდებიან ალკალოიდები, ვიდრე საწყის ნედლეულში.

აჭარის რეგიონში მოზარდი 2700 მცენარის წინასწარი ფიტოქიმიური ანალიზით გამოვლენილია: ალკალოიდების, საპონინების, ფლავონოიდების, კუმარინების, ლიპიდების მდიდარი შედგენილობის და ღრმა ქიმიური კვლევებისათვის პერსპექტიული სახეობები.

ნაჩვენებია, რომ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ მოწოდებული მცენარეთა ზრდის სტიმულატორის «ალექსინის» 0,005% წყლიანი ხსნარით თესლების თესვისწინა დამუშავებით 30-40%-ით იზრდება ვარდისფერი კათართუსის, ვნების ყვავილის, კატაბალახას, ბარამბოს, ექინაცეას თესლების აღმოცენების უნარი და მცენარის მოსავლიანობა.

საცდელი სადგურის წამყვანი მეცნიერ თანამშრომლები, როგორც მეცნიერ-კონსულტანტები მონაწილეობას ღებულობდნენ ვიეტნამის და კუბის რესპუბლიკებში სამკურნალო მცენარეთა დამზადებისა და წარმოების ბაზების ჩამოყალიბებაში.

ქობულეთის სამკურნალო მცენარეთა საცდელი სადგური საბჭოთა კავშირის უმაღლესი ფარმაცევტული სასწავლებლების სტუდენტთა სასწავლო-საწარმოო პრაქტიკის ბაზას წარმოადგენდა.

საცდელი სადგურის თანამშრომლების მიერ მომზადებული და დაცულია 17 სა-კანდიდატო დისერტაცია, გამიქვეყნებულია 325 სამეცნიერო სტატია.

ექსპერიმენტულ - საწარმოო ბაზა

ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზა 41 წლის წინ ჩამოყალიბდა,  2007 წლამდე  მას მიხეილ ქარჩხაძე ხელმძღვანელობდა. 1999 წლამდე ბაზის მთავარი ინჟინერი იყო ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატი ავთანდილ გოცირიძე.

ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზაში შემდეგი უბნები ფუნქციონირებს: ფიტოქიმიური, სატაბლეტო, სტერილური ხსნარების და ლიოფიზირებული სამკურნალო სა-შუალებების, სტანდარტიზაციის სექტორი.

ექსპერიმენტული ბაზის სასტენდო დანადგარებზე სწარმოებს ინსტიტუტის მიერ მოწოდებულ სამკურნალო საშუალებათა სუბსტანციების და მზა ფორმების ტექნოლოგიების დამუშავება, აღწარმოება, მსხვილ-ლაბორატორიული და საცდელ-საწარმოო რეგლამენტების შედგენა: ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მიღება ქიმიური და ფარმაკოლოგიური კვლევებისათვის, აგრეთვე კლინიკური აპრობაციისათვის.

ექსპერიმენტულ-საწარმოო ბაზაში დამუშავებულია ინსტიტუტის მიერ მოწოდე-ბული ყველა პრეპარატის და რეაქტივის ტექნოლოგიური პროცესი და ხორციელდება მათი გამოშვება ფართო მოხმარებისათვის, მათ შორის: დიგალენ-ნეო, დიგიცილი, დიგიცილენი, შროშანას წვენი, კომბრომვალი, რამნილი, ფლარონინი, ტრიბუსპონინი, კოლხიცინი, კავსურონი, კარიპაზიმი, ფაციფლოგინი, როდოპესი, ასკანკოლი, ბენტობოლი, ტიგოგენინი, თეასაპონინი, დიგიტონინი, ფრანგულა-ემოდინი, ტანინი «ქიმიურად სუფთა», კოლხიცინი «ქიმიურად სუფთა», სამკურნალო პრეპარატთა სტანდარტები.

პროდუქციის რეალიზაცია საბჭოთა კავშირის სააფთიაქო ქსელში და სათანადო დაწესებულებაში ხდებოდა. ამჟამად რეალიზაციის პროცესი ერთგვარად შეზღუ-დულია და წარმოება მხოლოდ მოთხოვნილებების და დაკვეთების შესაბამისად ხორციელდება..

სტანდარტიზაციის სექტორი ამუშავებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ახალ სამკურ-ნალო მცენარეებზე, სუბსტანციებზე და მზა პრეპარატებზე, ქიმიურ რეაქტივებზე და სტანდარტებზე, ადგენს ლაბორატორიულ-ტექნიკურ და საცდელ-საწარმოო რეგლამენტებს.

 

I.Kutateladze Institute of Pharmacochemistry © Copyright 2009-2013 All rights reserved